ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბერს მოვიდა, ფორმალურად 2013 წელს პრემიერის თანამდებობიდან და პოლიტიკიდან წავიდა. თუმცა წლების მანძილზე მისი გავლენა პოლიტიკაზე და “ქართულ ოცნებაზე” კვლავ შეუზღუდავი იყო და ამის არაერთი მტკიცებულება არსებობდა. 2018 წლის გაზაფხულზე ის ოფიციალურად დაბრუნდა პოლიტიკაში და პარტიის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. მაშინ მიზეზად გუნდში არსებული პრობლემები, მზარდი დაპირისპირება და პრემიერ კვირიკაშვილის ქმედებები დაასახელა. ივანიშვილი მაშინ ყვებოდა, რომ პრემიერ კვირიკაშვილთან საქმეების გარკვევა სცადა.
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მაშინ მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ 5 წლის მანძილზე პოლიტიკაში არ ერეოდა, თუმცა იგივე ინტერვიუში მოყოლილი ამბები სრულიად საპირისპიროს მეტყველებდა.
ამის შემდეგ ივანიშვილი პოლიტიკიდან კიდევ ერთხელ, 2021 წლის იანვარში წავიდა. თქვა, რომ გუნდში ყველაფერი მოაგვარა და კარგ გუნდს ტოვებდა მმართველობაში. მაშინაც ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა და თქვა, რომ გუნდის მუშაობაში აღარ ჩაერეოდა და კონსულტაციებსაც კი აღარ გაუწევდა. მასთან დარეკვაც მხოლოდ პირად საკითხებზე იქნებოდა შესაძლებელი.