აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად, ექსპერტიზა დასრულდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფრომაციით ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია). წყალდიდობამ წარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვეღარ გაუძლო დგარების დაწოლას. დგარებმა ჩახვრიტა როსტვერკი, რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში. ექსპერტიზა ჩაუტარდა ხიდის სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც და დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილია პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.
სამტრედია-გრიგოლეთის 51 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთად მიმდინარეობდა. ორ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია, მესამე 12 კმ-იან მონაკვეთზე გრძელდება სამშენებლო სამუშაოები. 11 კმ-იანი მონაკვეთიდან კი, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს მშენებარე ხიდი, დასრულებულია 10 კმ გზის მშენებლობა.