კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული სექტორის ოთხი კომპანია ჯამში 53 მილიონამდე ლარით დააჯარიმა.დაჯარიმდნენ კომპანიები: „ავერსი” – 14 402 425 ლარი;
„გეფა”(ჯიპისის და ფარმადეპოს ქსელები) – 20 349 336 ლარი;
„პსპ” – 17 094 872 ლარი;
„მერმისი” – 951 301 ლარი.
სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარიმის მიზეზი სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების შეთანხმება გახდა.
საუბარია 2021-2023 წლებში 42 მედიკამენტზე ფასების ფიქსაციაზე. სააგენტო ირწმუნება, რომ კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები 1 თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.
სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა:
23 შემთხვევას 2 კომპანიის მონაწილეობით;
47 შემთხვევას 3 კომპანიის მონაწილეობით;
18 შემთხვევას 4 კომპანიის მონაწილეობით.
სააგენტომ მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2023 წლის 23 მარტს გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ამ ინფორმაციის თანახმად, ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორმა და რეალიზატორმა კომპანიებმა მედიკამენტებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე იდენტური ფასები განსაზღვრეს. ამ დროს სამინისტრომ თქვა, რომ რიგ ონკოლოგიურ მედიკამენტზე აფთიაქებმა ფასი გააოთხმაგეს.
მოკვლევის პროცესში სააგენტო დაჯარიმებული 4 კომპანიის გარდა, მეხუთე კომპანიის, “ეს კა იმპექსის” საქმიანობასაც სწავლობდა, თუმცა მის შემთხვევაში დარღვევის ფაქტი არ დადგენილა.
სააგენტოს შეფასებით, 4 ფარმაცევტული კომპანიის ქმედება ზღუდავს კონკურენციას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის მძიმე ფორმა.
კომპანიები – „ავერსი“, პსპ და „მერმისი“ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას შეთანხმებული ქმედების გამო მათი დაჯარიმების თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასოციაციის წევრი ეს კომპანიები კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის შედეგებს ცალსახად არ ეთანხმებიან და ყველა კომპანია კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში ოპერირებს.