აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა ბიჭვინთის აგარაკების 180 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას კენჭი დილის 5 საათზე ჩატარებულ “საგანგებო სხდომაზე” უყარეს და დაამტკიცეს. დილის ექვსის ნახევარზე ჩატარებულ კენჭისყრის პროცესს 35-დან 28 “დეპუტატი” ესწრებოდა, საიდანაც 25-მა დეპუტატმა “გადაწყვეტილებას” მხარი დაუჭირა. აფხაზეთის ეგრეთწოდებული პარლამენტის სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. აფხაზები ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას პარლამენტის გარეთ აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ გადაწყვეტილება ბევრ კითხვას იწვევს, ისევე, როგორც 28 დეკემბრისთვის დანიშნული სხდომის მოულოდნელად 27 დეკემბრისთვის გადმოტანა და დილის ხუთ საათზე დაწყება.
აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა ეგრეთწოდებული პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ხელი დაუყოვნებლივ მოაწერა. შესაბამისად, ე.წ. კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის რატიფიკაციის შესახებ“ ძალაში შევიდა.
“კანონი” ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და საზღვაო ტერიტორიების მესამე პირებზე გადაცემას კრძალავს. ასევე, დოკუმენტში მითითებული იმ შენობებისა და ნაგებობის გადაცემას, რომლებიც მომავალში აშენდება. მესამე პირებზე ობიექტების გადაცემის აკრძალვა ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაშიც მოქმედებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული “კანონის” თანახმად, რომელიმე მხარის ან მხარეების მიერ შეთანხმების შეუსრულებლობა რუსულ-აფხაზური ხელშეკრულების შეწყვეტას, დენონსაციასა და ობიექტების აფხაზეთის საკუთრებაში დაბრუნებას გულისხმობს.