ხმაური და დაპირისპირება იყო გუშინ მწერალთა სახლში, სადაც პრემია „მუზას” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა და ის ხელოვანების წინააღმდეგ რეპრესიებში დაადანაშაულა. „ვაჭარი მართავს ამ მთავრობას“ – ასე მიმართა კაკაბაძემ წულუკიანს და დარბაზი დატოვა.
მწერალთა სახლში მომხდარ ინციდენტს მალევე გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო. უწყებამ განცხადება დაპირისპირების ამსახველ ვიდეოსთან ერთად გამოქვეყნა და დაწერა, რომ ირაკლი კაკაბაძემ სკანდალის მოწყობა მას შემდეგ სცადა რაც, პრემია “მუზა” არ მიენიჭა.
“ვინაიდან სოციალური ქსელებით ვრცელდება ინციდენტის ამსახველი ვიდეო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განმარტავს, რომ ირაკლი კაკაბაძემ, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ჟიურიმ მას ლიტერატურული პრემია „მუზა“ არ მიანიჭა ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება“, სკანდალის მოწყობა სცადა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია მინისტრი და სხვა პირები. სამინისტრო წუხილს გამოთქვამს იმ უხერხულობის გამო, რომელიც, შესაძლოა, ირაკლი კაკაბაძის ქცევამ შეუქმნა შეკრებილ საზოგადოებას”, – კულტურის სამინისტროს განცხადება.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ კონკურსში პრემიის მოსაპოვებლად 82 კონკურსანტი იბრძოდა. მას ბოიკოტი გამოუცხადა მწერლების ნაწილმა. პრემია „მუზა” მას შემდეგ შეიქმნა, რაც 2021 წელს ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა” ჩაიშალა. მაშინ ჟიურის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ლიტერატორთა პროტესტი და ავტორების ბოიკოტი მოჰყვა. ამის მიზეზად ხელოვანები წულუკიანის მხრიდან ცენზურას და კულტურის მოთვინიერების მცდელობას ასახელებდნენ.