„ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული 6 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი გარემოება და მტკიცებულება, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა. სხდომაზე ექვსი ბრალდებულიდან წარდგენილი ბრალი აღიარა და თავი დამნაშავედ ცნო ხუთმა პირმა, ერთმა კი დუმილის უფლება გამოიყენა.
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ გამოაცხადა, ბრალდებულთა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. ამის მოტივად დაასახელეს ის, რომ ირაკლი ეძგვერაძე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, საქმეს მისი სახით დაზარალებული არ ჰყავს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. დაცვის მხარემ სასამართლოს ბრალდებულების მიმართ 3000 და 5000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობითაც მიმართა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გლდანში თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა 22 სექტემბერს მაშინ მოხდა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ რამდენიმე საათით ადრე საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ირაკლი ეძგვერაძე და „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ. თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე გახდნენ თავდამსხმელების სამიზნე. ეძგვერაძე მომხდარში „ოცნების“ წევრს, კოტე ზარნაძეს ადანაშაულებდა. ზარნაძე კი თავდასხმასთან კავშირს უარყოფდა. შსს-მა გლდანში თბილისის საკრებულოს დეპუტატებისა და მისი მეგობრების ჯგუფურად ცემის ბრალდებით 6 პირი დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.