რატომ არ შეუერთა საქართველო “მაგნიტსკის სიის” 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ამ საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ეხმაურება. უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველომ დოკუმენტთან დაკავშირებით ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა შეინარჩუნა, რასთან დაკავშირებითაც ინფორმირებულები არიან პარტნიორები. საგარეო საქმეთა სამინისტროში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში მკვეთრად – 50%-მდეა გაზრდილი.
“მაგნიტსკის სიის” ფარგლებში სანქციების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა: ჩრდილოეთ მაკედონიამ, მონტენეგრომ, ალბანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და ბოსნია და ჰერცეგოვინამ. ასევე, ხელმომწერებს შორის არიან ლიხტენშტაინი და ნორვეგია, თუმცა ამ სიაში საქართველო ნახსენები არ არის. ხელისუფლების ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ ამ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ და რუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ.
მაგნიტსკის აქტი აშშ-ის კონგრესმა 2012 წელს მიიღო. მისი მთავარი მიზანი რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იყო, ვინც მოსკოვის ციხეში 2009 წელს საგადასახადო მრჩევლის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი. სერგეი მაგნიტსკი უკრაინული წარმოშობის რუსი საგადასახადო მრჩეველი იყო, ვინც რუსეთის ხელისუფლება კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა. ის 2008 წელს დააპატიმრეს და 11 თვეში ციხეში დაიღუპა. 2016 წელს გლობალური მაგნიტსკის აქტის მიღების შემდეგ კი აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია ადამიანი უფლებების დარღვევის ფაქტების გამო მსოფლიოს მასშტაბით უცხო ქვეყნის ხელისუფლების წევრებს სანქციები დაუწესოს: გაყინოს მათი ქონება და აუკრძალოს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.