პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ბრიფინგით გამოეხმაურა. მან მოქალაქეებს მიულოცა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და თქვა, რომ “ეს არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ხელისუფლებამ ჩვენს ხალხთან ერთად და ხალხისთვის მოიპოვა”. “ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ”, – თქვა ღარიბაშვილმა და მადლობა გადაუხადა ევროპელ ლიდერებს, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის. პრემიერმა დღევანდელი დღე მიულოცა “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.
ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას დღეს საზეიმოდ აღნიშნავს – პრემიერმა მოქალაქეებს თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა, სადაც გალა-კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება.