ბრიუსელში ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი დაიწყო. ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ დაიწყება თუ არა გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ასევე, მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ევროპელი ლიდერები დღეს ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე ამბობდნენ, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაწყება მნიშვნელოვანია და ამის შესახებ გადაწყვეტილება სრული კონსესუსით უნდა იქნას მიღწეული.
სამიტის დაწყებამდე განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც. მან ძირითადი აქცენტი უკრაინაზე გააკეთა და თქვა, რომ უკრაინამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების 90%-ზე მეტი უკვე შეასრულა.
27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებიდან ერთადერთი, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია. მას შემდეგ, რაც გუშინ ევროკომისიამ ევროკავშირის გაყინული ფონდიდან უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა, გაჩნდა მოსაზრება, რომ უნგრეთს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა პოზიცია შეეცვალა. თუმცა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, დღეს, ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზეზი არ არსებობს. ორბანმა კომენტარი საქართველოსთან დაკავშირებითაც გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს საქმე კარგად არის, რადგან ის ყველას უყვარს.
სამიტი რომ რთული იქნება ამის შესახებ საუბრობენ სხვა ევროპელი ლიდერებიც. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა დღეს თქვა, რომ არ არის ოპტიმისტურად განწყობილი, რადგან არსებობს განსხვავებული აზრი უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სამიტზე ყველა ქვეყნის საკითხს ცალ-ცალკე და ერთად განიხილავენ და მათ შორის იქნება საქართველოს საკითხიც.
მოახერხებენ თუ არა ევროპელი ლიდერები ვიქტორ ორბანის გადარწმუნებას და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული სამიტზე, ჯერჯერობით, უცნობია. სამიტის დაწყებას წინ უნგრეთის პრემიერთან ლიდერების დაძაბული შეხვედრები უძღოდა. დღეს და ხვალ ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, იწყებს თუ არა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან და ანიჭებს თუ არა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.