გახარია 20 ივნისზე პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა, ბრძანების გამცემ პირს კვლავ არ ასახელებს | 08.12.2023

ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ქართულ ტელემედიას უნდობლობას უცხადებს და ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის საკუთარ იუთუბ არხს ქმნის. სწორედ ამ არხზე გამოქვეყნდა მისი ვრცელი ინტერვიუ მის მიერვე შერჩეულ ჟურნალისტთან. თითქმის ორსაათიან ინტერვიუში გიორგი გახარიამ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის 2019 წლის 20 ივნისის დარბევაზე. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა აქციის დარბევის ბრძანების გამცემი პირი ისევ არ დაასახელა და თქვა, რომ ის, რაც ამ ღამით მოხდა მისი პასუხისმგებლობაა. გახარიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 20 ივნისს იყო შტურმი პარლამენტზე ხელისუფლების დამხობის მიზნით, რასაც ვერ დაუშვებდა. მისი თქმით, მომხდარის თავიდან აცილება, მხოლოდ გავრილოვის საქართველოში არ შემოშვებით შეიძლებოდა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მაშინ უთხრეს, რომ ეს საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევდა.

გახარიამ ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. მისი თქმით, პოლიტიკოსებს არჩევნების შემდეგ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ, რითაც მან კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე მიანიშნა. გახარია ამბობს, რომ მისი პარტიის მთავარი მიზანი იქნება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში ჯამურად 50%-ზე ნაკლები აიღონ. გახარია ფიქრობს, რომ იმ პარტიის ხელისუფლებაში მე-4 ვადით არჩევა, რომელიც საქართველოს ევროპულ არჩევანს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, არ შეიძლება.