გახდება თუ არა მელიას ახალი პარტია ნაციმოძრაობის მთავარი კონკურენტი, ვის ვიხილავთ ახალ პლატფორმაზე | 08.12.2023

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე და უკვე ყოფილი წევრი ახალ პარტიას აფუძნებს. გუშინ საღამოს გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ ის წინ მომავალში მიდის, მელიამ დააკონკრეტა, რომ ახლო მომავალში ახალ პარტიას შექმნის, თუმცა დეტალები და პარტიის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. დღეს ნიკა მელის გადაწყვეტილებას და განცხადებებს ყოფილი თანაგუნდელები აფასებენ . ისინი ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბმა დატოვა, რომელიც პარტიის ელექტორატზე გავლენას ვერ მოახდენს.

ნიკა მელიას გუნდს დღეს ნაციონალური მოძრაობის ამბროლაურის საკრებულოს სამივე დეპუტატი შეუერთდა. მათი განცხადებით, ტოვებენ კეზერაშვილის პარტიას და უსამართლობას და მორალურად წელში გამართულები ბრძლას აგრძელებენ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მათთან ერთად პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ადგილობრივი ორგანიზაციის ძირითადმა ბირთვმაც, რომლებიც ასევე ნიკა მელიას გუნდს შეუერთდნენ.

ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნაზე მუშაობა დაწყებულია.”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ გუშინ თქვა, რომ “წინ, მომავალში მიდის”, და პარტიის დაფუძნება დააანონსა. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში მელიამ განაცხადა, რომ ეს იქნება “ყველაზე მართალი პარტია”. ნიკა მელიას ამ განცხადებას წინ უძღოდა რეგიონებში, საკრებულოებისა და რაიონული ორგანიზაციების წევრების მხრიდან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება.