ხმაური იყო დღეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ერთმანეთს დეპუტატი შოთა ხაბარელი და კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი დაუპირისპირდნენ. კამათი ჭიდაობის ფედერაციასთან დაკავშირებით, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბარს მოჰყვა. საუბარია ლუკა კურტანიძის განცხადებაზე, სადაც ის წერდა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ის სხდომას არ დაასწრო და გააგდო. საკითხს დღეს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი გამოეხმაურა და უკმაყოფილება გამოთქვა იმ საჯარო მსჯელობაზე, რომელიც კურტანიძის განცხადებას მოჰყვა. როგორც მეძმარიაშვილმა თქვა, ასეთ საკითხებს “დიდი სპორტული ოჯახი” თავად გადაწყვეტს და სოციალურ ქსელებში “კაკუნი” საჭირო არაა.
რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო ჩემპიონმა ჭიდაობაში და „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ლუკა კურტანიძემ თქვა, რომ 1-ელ დეკემბერს საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში გამართულ ყრილობაზე მას დასწრების უფლება არ მისცეს და „კარისკენ მიუთითეს“. კურტანიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ ის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ დაამცირა, რისი ღირსიც არ იყო.