15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელს, ბრალად ჩვენების მიცემის იძულება ედება, რის შემდეგაც 15 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის განაჩენთან დაკავშირებით ოჯახის მოლოდინი გამართლდა. ლუკა სირაძის ძმა ამობს, რომ სასჯელის ზომად მაქსიმალურ ხუთ წელს ითხოვდნენ, თუმცა განაჩენი მაინც სამართლიანია. გარდაცვლილის ოჯახი ტრაგიკული შემთხვევის გამო, სხვა პოლიციელების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.
მარიანა ჩოლოიანის მიმართ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურს უწოდებს ბრალდებულის ადვოკატი. გაგი მოსიაშვილი გარდაცვლილ მოზარდს მძიმე ბრალდებებს უყენებს და ამბობს, რომ თვითმკვლელობის მომენტში ლუკა სირაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გახმაურებულ საქმეზე გამოტანილ განაჩენს ბრალდების მხარე ეთანხმება.
15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა გასული წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ლუკა სირაძის ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა პოლიციის შენობაში მომხდარი ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. საგამოძიებო უწყებაში კი ლუკა სირაძე მწვანე სკოლის საჩივრის საფუძველზე აღმოჩნდა, რომლის მიხედვითაც სკოლის ადმინისტრაცია მათ ტერიტორიაზე აღმოჩენილი წარწერების გამო გამოძიების დაწყებას ითხოვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს 15 წლის ლუკა სირაძემ გააკეთა, რომელიც მწვანე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკითხვაზე ლუკა სირაძე ყოფილ თანაკლასელს დააპირისპირეს და მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ბავშვი მშობელთან ერთად გამოკითხეს და ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. თუმცა მოზარდის გარდაცვალების შემდეგ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს, რომელიც ბრალს არ დრომდე არ აღიარებს.