მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მანიფესტის ტექსტი ცნობილია. მანიფესტი, რომელიც, სიმბოლურად, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავზე გამოქვეყნდა, ვკითხულობთ, რომ პარტია იწყებს ტოტალურ შეტევას სისტემაზე საქართველოში ერთადერთი ოლიგარქის წინააღმდეგ. მანიფესტის ვრცელ ტექსტში მიმოხილულია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლამდელი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომი და ოპოზიციაში გადასვლის პერიოდებიც. მანიფესტი შეიცავს “ერთობის 11 პუნქტს“, რომელშიც პარტიის სამომავლო გეგმებზეა და ხედვებზეა საუბარი. თუმცა ყველაზე დიდი მოლოდინი მანიფესტის იმ ნაწილის მიმართ იყო, რომელსაც პარტიაში არსებულ დაპირისპირებაში სავარაუდოდ სიცხადე უნდა შეეტანა.
მანიფესტის თანახმად, მასზე ხელმოწერით პარტიის წევრები ადასტურებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ლეგიტიმური თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, სამდივნო, პოლიტსაბჭო და რაიონული ორგანიზაციები. მანიფესტის თანახმად, პარტია ღიაა დისკუსიებისთვის, რომელიც მიზნად არ ისახავს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობით ორგანოებზე თავდასხმას.
“პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ვერთიანდებით და ვირაზმებით მთავარი მიზნის მისაღწევად – გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა, საქართველოში ერთადერთი ოლიგარქისა და ერთადერთი არაფორმალური მმართველობითი მანკიერი სისტემისაგან. „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის, „ვარდების რევოლუციის“ ლიდერის, საქართველოს რეფორმატორი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობა, კრავს და აძლიერებს პარტიას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება ღია, ისეთი შიდაპარტიული პასუხისმგებლიანი დისკუსიებისათვის, რომელიც ეფუძნება ერთმანეთის პატივისცემას, მიმართულია პარტიის გაძლიერებისაკენ და რომლის მიზანიც არ არის პარტიაზე და მის მმართველობით ორგანოებზე თავდასხმა და მათი დასუსტება. ჩვენ ვთანხმდებით, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მისი წევრების ფართო ჩართულობით, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების შედეგად არჩეული, სრულად ლეგიტიმური თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაიონული ორგანიზაციები”, – „ნაციონალური მოძრაობის“ მანიფესტი.
მოაწერს თუ არა ხელს მანიფესტს ნიკა მელია და მისი გუნდი, ჯერჯერობით, უცნობია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის თქმით, მანიფესტის ის დანართი, სადაც საუბარია, რომ პარტიას ლეგიტიმური პოლიტსაბჭო ჰყავს, მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებებს ეწინააღმდეგება.
ხაბეიშვილის გუნდის წევრები კი ღიად ამბობენ, რომ მათ, ვისაც სააკაშვილის ლიდერობით ერთ გუნდში ყოფნა არ უნდა, თავიანთი გზა ექნებათ. გიორგი ბარამიძემ დღეს თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავის გარიცხვას არ აპირებენ, მაგრამ ვინც მანიფესტს ხელს არ მოაწერს, ის თავის გზას თავად მონახავს.
დღეს, საღამოს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავს საიუბილეო ღონისძიებით აღნიშნავენ.