“ქართული ოცნების” დეპუტატმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ მეათე მოწვევის პარლამენტი დატოვა. საკანონმდებლო ორგანომ მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით სერგეენკომ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით 27 ოქტომბერს მიმართა.
სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა ერთხელ უკვე უჭირა კენჭი, მიზეზად მაშინ სერგეენკოს მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა დასახელდა, თუმცა უმრავლესობამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება “ჩააგდო” და სერგეენკოს მანდატი შეუნარჩუნა.
“ქართული ოცნების” დეპუტატი დავით სერგეენკო იმ პარლამენტართა შორის იყო, რომლებმაც თავი შეიკავეს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტის მხარდაჭერისგან. დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებდა.