სოფელ კირბალთან,გუშინ საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტს და ლევან დოთიაშვილის გატაცებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯონ დამნაშავეები და გათავისუფლდეს რუსების მიერ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება და წერს, რომ აშშ მომხდარს გმობს. მისი თქმით, ეს არის ნათელი მაგალითი, თუ რა ნგრევა გამოიწვია რუსეთის მიერ საქართველოს და სხვა ტერიტორიების ოკუპაციამ.
რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და დაღუპულის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. უმკაცრესად ვგმობთ საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ფატალურ შემთხვევას, საქართველოს მოქალაქის მკვლელობას! რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენება მიუღებელია. თანავუგრძნობთ დაღუპულის ოჯახს– გათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა საიმნისტროს განცხადებაში.
6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში – როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო. ირაკლი ანთაძე ამბობს, საოკუპაციო რეჟიმისგან გატაცებულ დოთიაშვილზე მიიღეს ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.