გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის პროკურატურამ ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ვერონიკა არონიამ საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს გახმაურებულ საქმეზე ცრუ ინფორმაცია შეგნებულად მიაწოდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებული 15 ივლისს, ერთ-ერთ მედიასაშუალებას დაუკავშირდა და განუცხადა, რომ ვარკეთილში, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ 4 პირის საუბარს შეესწრო, რომელიც შაქარაშვილის საქმეს შეეხებოდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კი დადგინდა, რომ ვერონიკა არონია არა მხოლოდ არ შესწრებია 4 პირის საუბარს, არამედ ის ფიზიკურად თავის საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა.
დღესვე, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული და ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კიდევ ერთი შედეგი გაასაჯაროვა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე არსებული დაზიანებები დიდი ალბათობით, მას მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას შეუზღუდავდა.
სპეციალურ ბრიფინგზე დღეს საგამოძიებო უწყებამ კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვას უპასუხა. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღის განმავლობაში იყო.
კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, ვისი დნმ ამოვიდა ჩანთაზე, რომელიც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ადგილას, მდინარე არაგვის პირას იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, ახალგაზრდა ფეხბურთელის ჩანთაზე 4 პირის გენეტიკური კვალია აღმოჩენილი და ის 17 ბრალდებულიდან არცერთ პირს არ ეკუთვნის. საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ ბრალდების მხარე გადამწყვეტ ნივთმტკიცებულებად ჩანთას არასდროს ასახელებდა.
გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. თუმცა 5 მათგანს – ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევ ორ არასრულწლოვანს მოსამართლის წინაშე წარდგენა ახლა უკვე დამძიმებული მუხლით მოუწევთ, რაც განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს პირები დაედევნენ გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან და ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს. შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.