სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში, სენატორებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა, საქართველოს შესახებ რამდენჯერმე ისაუბრეს. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასა და 2024 წლის არჩევნების შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რომ საკითხავია, ხომ არ გადაწყვეტენ საქართველოში ბიზნესების მცირე ჯგუფი და პოლიტიკური გავლენის მქონე პირები, საქართველო იყოს რუხი ზონა, რუსეთსა და დასავლეთს შორის.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, ამერიკელმა კანონმდებლებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიაც განიხილეს. დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, შესავალ სიტყვაშივე თქვა, რომ საქართველო რეგიონში, „პუტინის რევანშისტული პოლიტიკის“ პირველი სამიზნე იყო.
ჯეიმს ო’ბრაიენი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურ დირექტორთან, კუმარ აიერისთან ერთად რამდენიმე თვის წინ საქართველოშიც იმყოფებოდა. ისინი თბილისში 27 ივნისს ჩამოვიდნენ და მათ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე, ბიზნეს სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრები გამართეს. ქვეყნის დატოვებამდე სანქციების კოორდინატორებმა მედიისთვის პრესკონფერენციაც გამართეს და თქვეს, რომ ვიზიტის მიზანი საქართველოსთან სანქციების ეფექტურად აღსრულების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მაშინ ჯეიმს ობრაიენი ამბობდა, რომ არავინ ითხოვს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის სრულად გაწყვეტას, თუმცა მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს იმ პროდუქციებს, რომლებიც შესაძლოა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენოს.