ჩინეთთან პოლიტიკური თანამშრომლობა – დეპუტატების შეკითხვები საგარეო საქმეთა მინისტრს | 20.10.2023

პარლამენტში ინტერპელაციის წესით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს. ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვები, ძირითადად, ჩინეთთან არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას შეეხებოდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა თქვეს, რომ ჩინეთთან ეკონომიკური დაახლოება მისაღებია, მაგრამ გაუგებარია რუსეთის პარტნიორ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან „ოცნების“ პოლიტიკური თანამშრომლობის მიზანი.

„ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის შეკითხვამ. ოპოზიციონერმა დეპუტატმა თქვა, რომ გუშინ სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ბუნდოვანი პასუხი გასცა კითხვას – არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი. მანჯგალაძე დაინტერესდა რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ კითხვის გამო მას სიტყვით გამოსვლა მმართველი გუნდის დეპუტატებმა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დეპუტატების შეკითხვების საპასუხოდ თქვა, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ ეწინააღმდეგება და არ აფერხებს საქართველოს ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს. მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლებას ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რადგან ჩინეთში იციან, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს.

საპარლამენტო უმრავლესობის სახელით პარლამენტში სიტყვით გამოვიდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე. სამხარაძის თქმით, ნიანგის ცრემლების ღვრა, რომ საქართველომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებით ევროპულ კურსს გადაუხვია, ლოგიკას მოკლებულია. მისივე თქმით, ოპოზიცია, ერთი მხრივ, ჩინეთს ლანძღავს, მეორე მხრივ, კი მასთან პარტნიორობას ეწინააღმდეგება, რაც გაუგებარია

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით ოპოზიციამ დაიბარა. მთავარი საკითხი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების სადავო პუნქტები იყო. ინტერპელაციის წესით დარჩიაშვილის მოსმენა პარლამენტში, თითქმის, სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა