“ქართული ოცნება” პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმის აღძვრას აანონსებს. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც “ქართული ოცნების” თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს პარლამენტის ტრიბუნიდან ღიად დაემუქრა. გუშინ კობახიძემ თქვა, რომ თუ ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევას განაგრძობს პროკურატურის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია იცავს ამიტომ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ზურაბიშვილი ხელშეუხებელია. სწორედ ამიტომ ირაკლი კობახიძე აანონსებს, რომ როგორც კი ზურაბიშივილს საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, მაშინვე შეიძლება მოხდეს სისხლის სამართლებრივი საქმის აქტუალიზაცია. კობახიძემ დღეს საქართველოს პრეზიდენტი პავლიკა მოროზოვს შეადარა, რომელმაც ნიკო ნიკოლაძე გაყიდა.
შეშინებული კაცის მუქარა – ასე აფასებენ ოპოზიციაში ირაკლი კობახიძის განცხადებას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ოცნებამ ზურაბიშვილი პოსტიდან ვერ გადააყენა და ახლა პრეზიდენტის მიმართ დაშინების ახალი კამპანია წამოიწყეს. მუქარის ადრესატმა გუშინვე გასცა პასუხი კობახიძეს, რომ პატარა კაცები ვერ შეაშინებენ, მიუხედავად ამისა ოპოზიციაში ვერც იმას გამორიცხავენ რომ კობახიძის მუქარა რეალობად იქცეს და საქართველოში მეორე პრეზიდენტის წინააღმდეგაც აღიძრას საქმე.
ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად, მეათე მოწვევის დეპუტატებმა მეხუთე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენებაზე გუშინ იმსჯელეს. 86 მომხრე, ერთი – წინააღმდეგი. პრეზიდენტის იმპიჩმენტი საკანონმდებლო ორგანოში არ შედგა. სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციის ნაწილმა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები სასესიო დარბაზში საერთოდ არ იმყოფებოდნენ. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი კი განხილვაში მონაწილეობდა, თუმცა იმპიჩმენტის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ალეკო ელისაშვილმა მისცა. პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კანონმდებლები დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. პროცედურის დაწყებას სალომე ზურაბიშვილმა ანტიევროპული უწოდა. პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა დასავლელ პარტნიორებს და უთხრა, რომ საქართველოს ახლა მათი მხარდაჭერა სჭირდება.