საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია. მელია წერს, რომ დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ცუდი აღარაფერი გვაკვირვებს. მისი თქმით, ამ ქვეყანაში თუ რამე უნდა შეიცვალოს, ეს არის არაფორმალური მმართველობა.
“სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს არავის გაგვიკვირდა… ვიცით, რომ ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელსაც არავითარი ვალდებულება არ აქვს ხალხის წინაშე, ხელისუფლების ყველა შტოს კი ვალდებულება, მხოლოდ ერთი კაცის წინაშე აქვს, მას “უმადლიან” თანამდებობებს, უმადურობა კი ისჯება… თუ რამეა შესაცვლელი ამ ქვეყანაში, სწორედ ეს არის, არაფორმალური მმართველობა უნდა შეიცვალოს ფორმალურით, ხოლო ხელისუფალი პასუხისმგებელი უნდა იყოს ხალხისა და მისი ნების წინაშე… ამორალურია, იყო ოპოზიციაში მრუდე ხელისუფლების, უშნო სარკისებრი ანარეკლი… და ამითი უქმნიდე ბარიერს სრულიად ოპოზიციურ ბრძოლას; არ შეიძლება ხალხს, მანკიერი ხელისუფლების ალტერნატივად, მანკიერ ოპოზიციას სთავაზობდე… დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ცუდი აღარაფერი გვაკვირვებს, პირიქით მოსალოდნელია; თუმცა დარწმუნებული ვარ, გვაქვს ძალა, ენერგია, მოტივაცია, პრინციპულობა და მონდომება, ყოველივე ეს შეცვალოთ, გვქონდეს საერთო მიზანი და მიზნის გარშემო, მართალი ადამიანების ერთობა”, – ნიკა მელიას განცხადება.