პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას განიხილავს და კენჭისყრაზე გაიტანს. ხვალვე ჯერ პარლამენტის ბიუროს, შემდეგ კი პლენარულ სხდომას წარედგინება დადგენილება – საკითხის განხილვისა და კენჭისყრის გრაფიკის შესახებ. როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, რეგლამენტის თანახმად, თანამდებობის პირი, ვისი იმპიჩმენტის საკითხიც დგას, პარლამენტის მოწვევით შეიძლება განხილვაში მონაწილეობდეს. პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი პრეზიდენტის აპარატს დაუკავშირდება და თუ მას პლენარულ სხდომაში მონაწილეობის სურვილი ექნება, ამის მიხედვით იმოქმედებენ.