აღიარა თუ არა გახმაურებული საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა თანამესაკნესთან, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა. გლდანის ციხის პატიმარი, კობა ჩიტიძე ამტკიცებს, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილმა ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის დეტალები უამბო და ბრალი აღიარა. ჩვენების არ სჯერათ საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატებს. უფრო მეტიც, ერთ-ერთი დაკავებულის, თენგო ბარბაქაძის უფლებადამცველი კობა ჩიტიძეს აგენტს უწოდებს.
ადვოკატებისთვის არადამაჯერებელია საბედისწერო ღამის ისტორია, რომელიც ჩიტიძის ჩვენებაშია ასახული. ფიქრობენ, რომ სასამართლომ ირიბი მოწმის ნაამბობი მხედველობაში არ უნდა მიიღოს. საქმეში ფიგურანტი ერთ-ერთი არასრულწლოვნის ნ.ხ.-ს ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ არსებული მტკიცებულებების მიხედვით საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით ვერ წარიმართება.
14 აგვისტოთი დათარიღებულ ჩვენებაში კობა ჩიტიძე დეტალურად აღწერს მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ მომხდარ საზარელ მკვლელობას. პატიმარი ამტკიცებს, რომ რევაზიშვილმა მასთან საუბარში ზუსტად ის ვერსია მოყვა, რომელიც გახმაურებულ საქმეზე პროკურატურის ოფიციალური ვერსიაა. კობა ჩიტიძის ჩვენების გავრცელებამდე, ნიკოლოზ რევაზიშვილი ამ ჩვენების შესახებ მისივე წერილში ყვებოდა და თანამესაკნეს სიცრუეში ადანაშაულებდა. დღეს რევაზიშვილის ოჯახი ღიად ამბობს, რომ კობა ჩიტიძე გამოძიების მიერ მოსყიდული მოწმეა.
მიიღებს თუ არა სასამართლო ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად, მკვლელობაში ბრალდებული ნიკა რევაზიშვილის თანამესაკნის სკანდალურ ჩვენებას რამდენიმე დღეში გაირკვევა. განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 10 სექტემბერს დაიწყება.