საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, რომელიც ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, საქართველოში ევროკავშირის ელჩის აზრით ხელს არ უწყობს ევრორეკომენდაციების შესრულებას. ჰერჩინსკიმ მედიისთვის განცხადება დღეს გააკეთა და თქვა, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში ვერ ჩაერევა, თუმცა მთლიანობაში იმპიჩმენტის პროცესი ქვეყანაში პოლარიზაციას აძლიერებს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესისადმი დასავლელი პარტნიორების უარყოფითი დამოკიდებულების აღიარება მოუწია საქართველოს პრემიერ–მინისტრსაც. ესპანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც თვითონ ამბობს, პარტნიორებს გულწრფელად უხსნიდა, რომ ეს მხოლოდ სამართლებრივი საკითხია, თუმცა ამავე დროს ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი მისი პოზიციის და განცხადებების გამო წამოიწყეს, რადგან ის მთავრობას აკრიტიკებდა. ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილს პროვოკაციაში ადანაშაულებს.
საკონსტიტუციო სასამართლო სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს საიმპიჩმენტო წარდგინების საქმეზე. პროცესზე ოცნების გუნდს კობახიძე ლიდერობდა, პრეზიდენტს კი თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი წარმოადგენდნენ. განხილვების შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. გადაწყვეტილება ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გახდება ცნობილი. მანამდე კი პარლამენტში კვლავ იმას ითვლიან, ეყოფა თუ არა ოცნებას ხმები პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.
მმართველი პარტიის ლიდერები იმპიჩმენტის პროცესსა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან კავშირს ვერ ხედავენ. ხოლო ოპონენტები ქართული ოცნების მხრიდან იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების რეალურ მიზეზად ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟს ასახელებენ და ამბობენ რომ პრეზიდენტის გადაყენება საქართველოს სახელმწიფოს წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია, როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე საფრანგეთის, გერმანიისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა საზღვარგარეთ.