საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე პირველი ზეპირი მოსმენა გაიმართა. მორიგი სხდომა ხვალ, დილის 11:00 საათზე დაიწყება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ ეთქვა პრეზიდენტს საერთაშორისო ვიზიტებზე უარი. კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტს რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ და „ეს იყო მატერიალური საფუძველი, რის გამოც პრეზიდენტს ვიზიტის განხორციელებაზე უარი ეთქვა“.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა, თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება ვიწროპარტიული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მმართველი უმრავლესობა უფლებამოსილების ბოროტადგამოყენებით პრეზიდენტს მანდატის შესრულებაში ხელს უშლის.
მხარეების პოზიციების დაფიქსირების შემდეგ მოსამართლეთა კოლეგია მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანს მოუსმინა. ვახტანგ ბაჩიაშვილის თქმით, პრეზიდენტს საერთაშორისო ვიზიტებზე 71 შემთხვევიდან უარი 13-ჯერ ეთქვა.
კითხვაზე, რას შეიძლება უკავშირდებოდეს უარი კონკრეტული ვიზიტების შემთხვევაში და შეიძლება თუ არა, რომ მიზეზი ფინანსური ეკონომიის გაკეთება გახდეს, ბაჩიაშვილი განმარტავს, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შინაარსიდან გამომდინარე არ არსებობს ზღვარი იმისა, თუ რა შემთხვევაში შეუძლია მთავრობას უარი თქვას და რა შემთხვევაში – არა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას არ დაესწო. სასამართლოში პრეზიდენტის უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი და მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი იცავდა.
სასამართლო დარბაზში პრეზიდენტის წინააღმდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ოთხი დეპუტატი: ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი იყვნენ.