ე.წ სახელმწიფო გადატრიალების საქმესთან დაკავშირებით სუს-მა მორიგი განცხადება გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამის ფარგლებში, სერბეთის მოქალაქეები საქართველოში ე.წ „რევოლუციური სცენარის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ, რომელსაც ქართველი სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ. უწყების მტკიცებით, სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები არიან, რომელიც სერბეთში ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს წარმოადგენდა.
სუს-ი ამტკიცებს, რომ სერბი ტრენერები საქართველოში 25 სექტემბერს USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ და ისინი დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან. ასევე, სხვადასხვა წლებში, მათ კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე რევოლუციურ პროცესებთან. უწყების მტკიცებით, ისინი საქართველოში გამართულ ტრენინგებზე „აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკის სწავლებას“.
სუს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე USAID-ის პროგრამის ფარგლებში კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფებისთვის ჩატარებული ტრენინგების ამსახველი ჩანაწერის ფრაგმენტებიც გამოაქვეყნეს. უწყების მტკიცებით, ფარული ჩანაწერი 2023 წლის 26-29 სექტემბერს თბილისში მდებარე სასტუმრო „იბისიშია“ გადაღებული, როცა სერბი ტრენერები სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფთან შეხვედრას მართავდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში სამოქალაქო არეულობის მოწყობა იგეგმება, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა“. სუს-მა ე.წ „სახელმწიფო გადატრიალების“ საქმესთან დაკავშირებით 29 სექტემბერს გამოკითხა სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. სუს-ის ინფორმაციით, სამივე მათგანმა გამოკითხვიდან მეორე დღეს საქართველო დატოვა.