საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, უკვე დაიწყო ეროვნული ბანკის საქმიანობის შესწავლა.საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე ეროვნული ბანკის მიერ შეცვლილი პოლიტიკით, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა მიმართ დაწესებული სანქციებისთვის განსხვავებულ მიდგომას აწესებს. ფონდის მისიის ხელმძღვანელი, ჯეიმს ჯონი, BMG-სთან წერილობით აცხადებს, რომ ამ საკითხს ფონდი აუცილებლად განიხილავს როგორც ეროვნულ ბანკთან ასევე კომერციულ ბანკებთან.
“როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაიცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა. ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს”, – სავალუტო ფონდის განცხადება.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომელიც ქართულ ბანკებს საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების შემოღების შემთხვევაში სანქციებთან შეერთებას უკრძალავს, სამწუხაროს უწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და შესაძლო რისკებზე საუბრობს. დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით ყველა, ვინც ოთარ ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებს, თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებს. ამერიკის დიპლომატიური უწყება ასევე დასძენს, რომ “საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევაა საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი კი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია“.
ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების გამონაკლისი წესი 19 სექტემბერს დაამტკიცა, 20 სექტემბერს კი ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა – პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ და ნათია თურნავას მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემ თანამდებობები დატოვეს.