პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს თბილისიდან მიუნხენამდე ჩარტერული ფრენის ხარჯი მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაუხადა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე სამთავრობო მედიასთან კომენტარში ამბობს, რომ თანხა რომელიც ტარიელ ღარიბაშვილმა უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე შეიტანა 34 ათასი ევროს ექვივალენტია ლარში. ანზორ ჩუბინიძის ამ ინტერვიუში არ არის ახსნილი, რა დაუჯდა პრემიერს შვილთან ერთად გერმანიიდან აშშ-ში ჩასვლა.
ოპოზიცია ანზორ ჩუბინიძისგან ხელშეკრულებას და გადარიცხვის დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვს. პარტია “ლელოს” ერთ–ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „პრემიერ-მინისტრის ოჯახის მიერ, სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენების ფაქტზე“, ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების პარალელურად, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოდან სამთავრობო თვითმფრინავით სარგებლობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციას ოფიციალურად ითხოვენ.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს თბილისიდან მიუნხენამდე ფრენა 390 ათასი ლარი დაუჯდა. ვაშაძემ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია წარმოადგინა. მისი თქმით, ღარიბაშვილის ყველა შემოსავალი და დანაზოგი რომ შეჯამდეს, ჩარტერის ღირებულებას ფარავს.
მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა თავის ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით თბილისიდან გაემგზავრა ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, იქიდან კი რეგულარული რეისით – აშშ-ის მიმართულებით. მთავრობის სტრატკომის ინფორმაციით ფრენის საფასური ბიუჯეტიდან არ დაფარულა და ფული პრემიერ-მინისტრმა თავად გადაიხადა.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სამთავრობო ბორტი 28 აგვისტომდე, ანუ დაახლოებით ერთი კვირა უცდიდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, საიდანაც საქართველოში ჩამოიყვანა აშშ-დან დაბრუნებული პრემიერი და მისი ოჯახის წევრები.
მედია და ოპოზიცია დაინტერესდა, ვინ გადაიხადა ღარიბაშვილის კერძო რეისის ხარჯები. ამ კითხვაზე პირველი ოფიციალური პასუხი სახელისუფლო გუნდმა დღეს გასცა.