რატომ არ მუშაობს გამართულად დედაქალაქში სანიაღვრე სისტემები და რატომ გამოიწვია თბილისის ფაქტობრივი პარალიზება წვიმამ – ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხებსაც ოპოზიცია კალაძისგან ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თბილისის მერიამ და თბილისის რაიონების გამგეობებმა სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებისთვის, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, 72 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს, თუმცა ის გამართულად მაინც არ მუშაობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, კალაძე ხალხის პრობლემებზე ზრუნვის ნაცვლად, კორუფციული საქმიანობით არის დაკავებული, რის გამოც დედაქალაქი წვიმასაც კი ვერ უძლებს.
მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემას აღიარებს დედაქალაქის მერიც. კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს თქვა, რომ სწორედ ამ პრობლემის გამო მერია აწარმოებს საკანალიზაციო ქსელების, წყლის მილების, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კალაძის თქმით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, გუშინ, სტიქიაზე რეაგირება მათი მხრიდან დროული და სწრაფი იყო.