უკრაინაში ყირიმის პლატფორმის მესამე საერთაშორისო სამიტი დაიწყო. 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ანექსირებული ნახევარკუნძულის მომავალსა და შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს. კიევში სამიტში მონაწლეობისთვის ათობით ქვეყნის წარმომადგენელი ჩავიდა. ზოგიერთი ქვეყნის ლიდერმა კი სამიტში ვიდეოჩართვით მიიღო მონაწილეობა. როდესაც ჯერ კიდევ ომამდე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის პირველი სამიტი გახსნა, მისი მთავარი იდეა ყირიმის საინფორმაციო დღის წესრიგში დაბრუნება იყო. თავდაპირველად ამ იდეას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა დღეს უკვე ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი მსჯელობს იმაზე, როგორ შეიძლება ნახევარკუნძული დაუბრუნდეს უკრაინას. დღეს, როცა ყირიმის ტერიტორია ყოველდღიურად უკრაინის არმიის სამიზნეა და ის ნახევარკუნძულს ყოველდღიურად უახლოვდება, ყირიმის პლატფორმა უკვე სხვა დატვირთას იძენს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამიტის გახსნისას თქვა, რომ ყირიმის პლატფორმის მთავარი ამოცანა დეოკუპაციის მომზადებაა.
„უკრაინამ აჩვენა, რომ საბრძოლო ოპერაციების მსვლელობისას ჩვენი მიწის გათავისუფლება შემთხვევითობა არ არის. ეს დამსახურებულია, ეს ჩვენი ხალხის გმირობა და ჩვენი პარტნიორების თავდაცვითი მხარდაჭერაა… უკრაინული ძალები ყველაფრის მიუხედავად წინ მიიწევენ. ეს არის ყველაზე მთავარი. ვინც რაც არ უნდა თქვას – მხოლოდ წინ! როდესაც რუსეთი უკან იხევს დაპყრობილი ტერიტორიებიდან, მაშინ უბრალოდ თვალებს ხუჭავს ამაზე, თავის სისუსტეზე. იგივენაირად რუსულ საზოგადოებას შეუძლია თვალები დახუჭოს ოკუპანტების ყირიმიდან უკან დახევაზეც. უკრაინა ტერიტორიებით არ ვაჭრობს, ვინაიდან უკრაინა ხალხით არ ვაჭრობს. წერტილი. და ყველა, ვინც აქ ხართ, ამტკიცებთ, რომ ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.