“გალფი”, “რომპეტროლი”, “ლუკოილი”, “სოკარი” და “ვისოლი” ჯამში 4 მილიონ ლარამდე თანხით დაასანქცირეს | 18.08.2023

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საწვავის ბაზარზე მოქმედი ხუთი მსხვილი რეალიზატორი საწვავზე მაღალი ფასის შენარჩუნების გამო დააჯარიმა. “გალფი”, “რომპეტროლი”, “ლუკოილი”, “სოკარი” და “ვისოლი” ჯამში 4 მილიონ ლარამდე თანხით დაასანქცირეს. სააგენტოს ინფორმაციით, საქმე ეხება საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების კოორდინირებულად შენარჩუნებას. ბაზრის შესწავლის შედეგად დადასტურდა ხუთივე ამ კომპანიის მიერ “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის, ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ხუთივე კომპანიას მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულების საწვავი ჰქონდათ, თუმცა კომპანიების საცალო საფასო პოლიტიკა იყო იდენტური და პროდუქტის თვითღირებულების ცვლილება არ აისახებოდა ბენზინგასამართ სადგურებზე; “რომპეტროლს” საცალო ბაზარზე გაჰქონდა მაღალი თვითღირებულების საწვავი, ხოლო იაფიანს საბითუმო ბაზარზე კონკურენტს აწვდიდა; ხუთივე კომპანიის წარმომადგენლებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია იყო.