მეწყრული პროცესები სტეფანწმინდაში | 18.08.2023

გუშინ, დაბა სტეფანწმინდის ე.წ „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ღვარცოფი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქიამ დატბორა სახლების პირველი სართულები. ადგილზე გუშინვე იყვნენ მობილიზებული შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ დაბა სტეფანწმინდაში დამეწყრილი ტერიტორია სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა და ადგილზე არსებულ ვითარებას დილიდან გეოლოგები სწავლობენ. ბაკურ ავსაჯანიშვილის თქმით, სტიქიური მოვლენები მუნიციპალიტეტში გუშინ, საღამოს 5-6 საათისთვის განვითარდა.

მეწყრული პროცესების გააქტიურებას სტეფანწმინდაში სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა გარემოს ეროვნული სააგენტო. უწყების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში გეოლოგებმა გეოდინამიკური პირობები უკვე შეაფასეს და შესაბამისი დასკვნის მომზადების შემდეგ, დამცავი ღონისძიებები დაიგეგმება.

“მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილზე მოახდინეს არსებული გეოდინამიკური პირობების შეფასება, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდება საბოლოო დასკვნის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება. დღეის მდგომარეობით, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არ ფიქსირდება. თუმცა, ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისათვის, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხი შესაბამის უწყებებთან განიხილება”, – გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება.