შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზრდა. ნაპოვნია ცხედრის 1 ფრაგმენტიც. იდენტიფიცირებულია 22 პირი. ამ დროისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში 8 პირს ეძებენ.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთორმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ისე რიონისა და ჭანჭახის მდინარეების კალაპოტებში გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი დამუშავებულია და დარჩენილია 25-26%.
შოვში, სტიქიის ზონაში, ერთი ავტომობილი იპოვეს. დაკარგულად ითვლებიან მისი მფლობელები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილში იმყოფებოდა 3 ადამიანი, რომელსაც ამ დრომდე კონკრეტულ ლოკაციებზე ეძებენ.
თავდაცვის ძალები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით ათ ლოკაციაზე ახორციელებს ძებნა-შველის ღონისძიებებს. მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების 54-კილომეტრიან მონაკვეთზე მონიტორინგსა და წერტილოვან ძებნის სამუშაოებში ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა, რეზერვისტები და მაშველები არიან ჩართული.