31 წელი აფხაზეთის ომის დაწყებიდან. 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის და პოლიციის შენაერთები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შევიდნენ. გადაწყვეტილება სახელმწიფო საბჭომ მიიღო და მიზეზად რუსეთ-საქართველოს რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დაცვა დაასახელა, რადგან ყაჩაღობის გახშირებული შემთხვევების გამო, საქართველო დიდ ზარალს განიცდიდა. აფხაზეთში შესვლიდან რამდენიმე საათში ქართულ ჯარს ე.წ აფხაზურმა გვარდიამ ცეცხლი გაუხსნა. სეპარატისტებს მხარს რუსეთის ფედერაცია უჭერდა. სამხედრო დაპირისპირებამდე, 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 14 აგვისტოს დაწყებული კონფლიქტი მალევე გადაიზარდა ომში, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. 27 ივლისს რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის სოჭის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, თუმცა ხელშეკრულება 16 სექტემბერს განიარაღებულ სოხუმზე მიტანილი შტურმით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაარღვიეს. 1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჩრდილო კავკასიის კონფედერატებისა და დაქირავებული „ბოევიკების“ მეშვეობით, აფხაზმა სეპარატისტებმა სოხუმი აიღეს და აფხაზეთის მთლიანი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს. აფხაზეთის ომის შედეგად დაიღუპა და დაიკარგა ასობით ადამიანი. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა – 300000-ზე მეტი მოქალაქე.
აფხაზეთის ომის 31 წლისთავს სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ განცხადებაში რუსეთს საერთოდ არ ახსენებს და ამბობს, რომ გაუმართლებელმა დაპირისპირებამ, ორივე მხრიდან, მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
“31 წელი შესრულდა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის – აფხაზეთის ომის დაწყებიდან. გაუმართლებელმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი მოქალაქის – ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას. ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები – ჩვენი ძირძველი მიწების დროებითი ოკუპაცია, ასეულობით ათასი ადამიანის დევნილობა საკუთარ სამშობლოში, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა – კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად, რომელზე პასუხიც მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით, ნდობის აღდგენით, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი. აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენთვის, ყველასთვის, და ამდენად, ეს ყოველი ჩვენგანის საერთო საქმეა. ღრმად მწამს, რომ გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვახორციელებთ, თანამიმდევრულად გვაახლოებს ამ მიზანთან,” – ღარიბაშვილის განცხადება.