პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა და ოპოზიცია სტიქიური უბედურებით პოლიტიკური ქულების ჩაწერაში, საზოგადოებისთვის საინფორმაციო თავდასხმის მოწყობასა და 9 ყალბი ინფორმაციის გაავრცელებაში დაადანაშაულა.
პაპუაშვილის თავდასხმის სამიზნე, დღეს, ის გეოლოგებიც გახდნენ, რომლებიც სატელიტური ფოტოებით ამტკიცებდნენ, რომ ტრაგედიის მძიმე შედეგების ნაწილობრივი პრევენცია შესაძლებელი იყო. საუბარია „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ სატელიტურ ფოტოებზე, რომლითაც ირკვევა, რომ მდინარე ბუბას კალაპოტი სტიქიურ უბედურებამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე შეცვლილი იყო. პაპუაშვილმა ცენტრის ხელმძღვანელი ამ ინფორმაციის გავრცელების გამო გააკრიტიკა და ისევ არ უპასუხა თეა გოდოლაძის მთავარ შეკითხვას: „რატომ არ აქვს საქართველოს სტიქიის წინასწარი შეტყობინების სისტემები“.