ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიშის შედგენა დაიწყო, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი წერს. როგორც ჟურნალისტი ამბობს, არსებული მდგომარეობით, იქნება რეკომენდაციები, უკრაინასა და მოლდოვასთან დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თუმცა, ამ საკითხზე დეკემბერში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის კონსენსუსის მიღწევაა საჭირო. იოზვიაკი წერს, რომ ანგარიშის მზადება ადრეულ ეტაპზეა, თუმცა იდეა ჯერ კიდევ არის „პირობითი“, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს დასჭირდება დარჩენილი და პოტენციურად ახალი პირობების შესრულება შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად – ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.