„ოცნების“ ლიდერების შემდეგ, ბათუმში, პუტინის პროპაგანდისტების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები, ამჯერად, მარია ზახაროვას თავდასხმის სამიზნეები აღმოჩნდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ბრიფინგზე, ფაქტობრივად, კობახიძის გზავნილი გაიმეორა და თქვა, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს არ უჭერს რადიკალური ოპოზიციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს. მისივე თქმით, მსგავსი აქციების უკან ქართული ოპოზიციის დასავლელი სპონსორები დგანან.
“ცხადია, რომ შეკვეთილი აქცია იყო. ასეთი შეკვეთილი აქციები იქ (საქართველოში) სხვა და სხვა თემებზე იმართება, რუსეთის კონტექსტშიც და შიდა მოვლენების საკითხებშიც. კარგად გვესმის, ვინ არიან შემკვეთნი. ადამიანები, რომლებიც მსგავს აქციებში მონაწილეობენ, ისინი საქართველოს მოსახლეობას, როგორც წესი, არ წარმოადგენენ. ისინი შემკვეთს წარმოადგენენ, რომელიც ამ ყველაფერს აორგანიზებს,” – განაცხადა მარია ზახაროვამ.
ზახაროვას თავდასხმის სამიზნე აღმოჩნდა კელი დეგნანიც. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში პირდაპირ ასწავლის ქართველებს როგორ უნდა იცხოვრონ და რუსების წინააღმდეგ მოწყობილი მსგავსი აქციებით გახარებულია.
ბათუმში საკრუიზო ლაინერ ასტორია გრანდეს შემოსვლასთან დაკავშირებულ პროტესტს ორი დღეა აქტიურად აშუქებს რუსული მედია. კრემლის პროპაგანდისტები აქციის მონაწილეებს ხმაურიან აბორიგენებს, შეშლილ ბრბოს და ნაციკებს უწოდებენ. ქართულ პოლიციას კი, აქციის მონაწილეების დაშლის და დაპატიმრების გამო, აქებენ. კომპანიამ კრუიზის მომავალი მარშრუტებიდან ბათუმის პორტი ამოიღო.