ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 31 ივლისს, ბათუმის პორტში პუტინის პროპაგანდისტების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული 23 პირიდან 7-ის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. საქმეს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს. გუშინ კი აქციაზე დაკავებული 15 პირის პროცესი გაიმართა, ისინი სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. მოსამართლემ მხარეებს მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო მისცა. საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო უახლოეს დღეებში მიიღებს.
დაკავებულთა ნაწილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიციელებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს და დაზიანებები ფეხისა და მუცლის არეში მიაყენეს. ერთ-ერთი მათგანი პოეტი და პარტია „დროას“ წევრი, გენრი დოლიძეა. მასზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის შესახებ ქართველმა მწერლებმა, მთარგმნელებმა და გამომცემლებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. მიმართვაში, რომელსაც ხელს 74 ადამიანი აწერს, ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ, ეს საქმე უსწრაფესად უნდა გამოიძიოს და მოძალადეები მკაცრად დასაჯოს.
„დროას“ ინფორმაციით, გენრი დოლიძეს ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ მას შემდეგ სცემა, რაც მისი ვინაობა დაადგინა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ადრე თუ გვიან, მოძალადე პოლიციელებს პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ და გამონაკლისი არც დგებუაძე იქნება.
7 აგვისტოსთვის გადაიდო საპროტესტო აქციაზე დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის, მარინა ჩობანიანის და დმიტრო ზერვესკის სასამართლო პროცესები. ისინი ამჟამად თავისუფლები არიან. გამოძიება ჩობანიანს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. უკრაინის მოქალაქეები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. ორივე დაკავებულის ინტერესს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს.
საკრუიზო ლაინერს, რომელმაც საპროტესტო აქციების შემდეგ ბათუმი საკუთარი მარშრუტიდან ამოიღო, სოხუმში ეპატიჟებიან. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აცხადებს, რომ ე. წ. რესპუბლიკა მზად არის საკრუიზო ლაინერი ასტორია გრანდე მიიღოს და რუს ტურისტებს თბილად დახვდეს. რუსული სახელმწიფო სააგენტო ტასი ბჟანიას კომენტარს აქვეყნებს, რომელშიც ის ამბობს, რომ სოხუმის პორტი მზად არის ასტორია გრანდეს მისაღებად და რუს ტურისტებს აფხაზური სტუმართმოყვარეობის სულისკვეთებით თბილად მიიღებენ.