მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, განცხადებას ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არსებობს რისკი, გამოძიება არაეფექტურად წარიმართოს. GDI საქმეში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს, როგორიცაა დანაშაულის არასწორი კვალიფიკაცია, არასათანადოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, დაზარალებულის უფლებების უსაფუძვლო შეზღუდვა და სუს-ის თანამშრომლების მიერ გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარის უკანონობა.
“ამჟამად, გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) აწარმოებს. ვთვლით, რომ მიხეილ მშვილდაძის მიმართ ჩადენილი დანაშაული უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც არაადამიანური მოპყრობა, ჯგუფურად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, მოხელის მიერ, შეკვეთით, ადამიანის თანასწორუფლების დარღვევით. გამოძიების მიერ მოსაპოვებელია დამატებითი ობიექტებიდან და დამატებითი დროით ვიდეოკამერების ჩანაწერები. საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ მოუხდენია სპეცოპერაციაში მონაწილე BMW-ს მარკის ავტომობილების, მათი ზუსტი ტრაექტორიის, მათი მძღოლებისა თუ მგზავრების იდენტიფიცირება. გენერალური პროკურატურა დაზარალებულს უარს ეუბნება მათ მიერ უკვე მოპოვებული ვიდეო მასალის ასლების გადაცემაზე. დაზარალებულს აღნიშნული ჩანაწერების ასლების მიღება ეზღუდება გაუგებარი არგუმენტით. მიგვაჩნია, რომ საქმეში იკვეთება მნიშვნელოვანი ხარვეზი, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოკითხული თანამშრომლები გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარს საიდუმლოების მოტივით ეუბნებიან”, – GDI-ის განცხადება.
ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს ნიკოლოზ გუგეშაშვილი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. მიშა მშვილდაძეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად თავდასხმიდან მესამე დღეს მიენიჭა. 5 ივლისს, „ფორმულამ“ გამოაქვეყნა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომლითაც ირკვევა, რომ მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა. თავდასხმა კი სავარაუდოდ არაერთი პირის ჩართულობით იყო ორგანიზებული.