აშენდება თუ არა ანაკლიის პორტი ჩინური ინვესტიციით – საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა რაც საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტზე ჩინეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე ისაუბრა. ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პორტის განვითარება “საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პორიორიტეტია”.
“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას ტყუილს უწოდებს. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ანაკლიის ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ინვესტორები, ივანიშვილის დავალებით, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში, “ქართულმა ოცნებამ” გაძარცვა და დააყაჩაღა.
“დღევანდელ, მორიგ ტყუილ განცხადებაზე ანაკლიასთან დაკავშირებით: ანაკლიის ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ინვესტორები, ივანიშვილის დავალებით, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში, “ქართულმა ოცნებამ” გაძარცვა და დააყაჩაღა, წაართვა ჩადებული ინვესტიციები. ამით ჩააგდო საუკუნის პროექტი, რომელშიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების დიდი გეოპოლიტიკური ინტერესებიც იდო. ანაკლია გახდა ქვაკუთხედი, რომელი მსოფლიოს ნაწილი იქნება საქართველო. რომ არა ბიძინას “ოცნების” რუსული ინტერესები საქართველოში და მისი რუსული პოლიტიკა, დღეს ანაკლია იქნებოდა საქართველოს კავკასიის მძლავრი კარიბჭე მთელ მსოფლიოში, 20 ათასამდე დასაქმებული ჩვენი მოქალაქით და ახალი დიალოგით აფხაზებთან, ქალაქ ანაკლიის მშენებლობით მიღებული მიზიდულობის ცენტრით, ეკონომიკურად გაძლიერებული ადგილობრივი მოსახლეობით, შეუზღუდავი ახალი შესაძლებლობებით. ეს ყველაფერი “ოცნებამ” მოკლა და უკვე მერამდენედ გადადო მის მიერვე გამოცხადებული ფარსი ტენდერი. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს! ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არასდროს შევწყვეტ!” – მამუკა ხაზარაძის განცხადება.