“ასტორია გრანდეს” საკრუიზო ლაინერით საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მორიგი პარტია 31 ივლისს შემოვა. ამჯერად გემზე რუსული ტელევიზია, RU.TV-ის წამყვანები და ოკუპანტი ქვეყნის ესტრადის წარმომადგენლები: ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი, ასევე, არტისტები: დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი იქნებიან.
“ვარსკვლავური კრუიზი” – ასე ჰქვია ტურს, რომელიც 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.
სოჭიდან ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერის პირველი რეისით ოკუპაციის არმცნობი რუსი ტურისტები საქართველოში გუშინ შემოვიდნენ და ბათუმის სანაპირო პროტესტის ფონზე დატოვეს.
22 ივლისს სოჭის პორტიდან გამოსული საკრუიზო ლაინერი, Astoria Grande ,ბათუმის პორტში 28 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა. გემზე 800-მდე რუსი ტურისტი იმყოფებოდა. კრუიზიდან ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს და თქვეს, რომ „აფზახეთი ქართული ტანკებისგან რუსეთმა გაათავისუფლა“, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და „საქართველო რუსეთის რაღაც რესპუბლიკა“ იყო. საღამოს 8 საათზე, ბათუმის პორტში მოქალაქეები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილები რუსულ გემს ცნობილი მიმართულებით წასვლას ურჩევდნენ. რუსული გემის ბათუმის პორტში შემოსვლა და ხელისუფლების დუმილი მოქალაქეებმა, საღამოს 7 საათზე, თბილისში, პარლამენტის წინაც გააპროტესტეს. საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი საღამოს 9 საათისთვის დატოვა.