პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დაბრუნდა. ამის შესახებ, ჭიაბერაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ჭიაბერაშვილი პარტიის საგარეო მიმართულებას უხელმძღვანელებს.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ პარტია ყურადღებას სამი მიმართულებით გაამახვილებს. მთავარი ძალისხმევა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღებისკენ იქნება მიმართული. ჭიაბერაშვილმა ასევე თქვა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება არის გადაუდებელი ამოცანა.
2017 წელს ზურაბ ჭიაბერაშვილმა სხვებთან ერთად პარტია “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა და ახალი პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო“ დააარსა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა “ევროპული საქართველო” 2021 წელს დატოვა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის ნაციონალურ მოძრაობაში დაბრუნებას ნიკა მელია სოციალური ქსელით გამოეხმაურა. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილის დაბრუნება ერთ წრეზე ტრიალია. მისი თქმით “მერაბიშვილის და კეზერაშვილის ოპოზიციაში, პოლიტიკაში არსებობა არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის გარანტია .
“სანამ არ გაიაზრებ რატომ წააგე 2012 წელს და რა უნდა შეცვალო ვერ მოიგებ. მერაბიშვილის და კეზერაშვილის ოპოზიციაში, პოლიტიკაში არსებობა არის გარანტი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის. ივანიშვილის მმართველობის მე-11 წელსაც კი, ისინი უფრო მიუღებლები არიან საზოგადოებისთვის, ვიდრე რუსული პოლიტიკის გამტარებელი ოცნების ხელისუფლება… პრობლემის მოგვარება, იწყება მისი აღიარებით და არა დამალვით… ის რომ ოცნება ცუდია, რუსეთი ცუდია ხალხმა გაიგო და იცის. რეალური ალტერნატივის შექმნა არის საჭირო, ევროპაზე არა ლაპარაკი არამედ ჩვენება. მორალური უპირატესობა უნდა შეიძინო ოცნებაზე სიმართლით… არჩევანი უნდა მისცე არა ცუდსა და უარესს შორის, არამედ ცუდსა და კარგ შორის. ავტორიტარულ რეჟიმში კი ცვლილება შესაძლებელია არა 2 და 3 %იანი არამედ მხოლოდ დიდი ელექტორალური უპირატესობის მოპოვებით. ყველა ის შეცდომა უნდა გავიაზროთ რომელიც დაგვიშვია, თუნდაც ერთობის სახელით მანკიერებების დაფარვისა და შეგუების. სანამ საზოგადოებას არ ეცოდინება რომ, რასაც ვამბობთ იმას ვგულისხმობთ, იმაზე ვაგებთ პასუხს და იმას განვახორციელებთ, ცვლილება არ მოვა… ზურაბ ჭიაბერაშვილიც ერთ წრეზე ტრიალია, ანუ რა ხდება უბრალოდ სკამების გარშემო რომ დარბიან და მუსიკა, სადაც გაითიშება იქ რომ სხდებიან, ეგ ხდება ოღონდ პოლიტიკაში. დღეს რაც ხდება ნაციონალურ მოძრაობაში, მხოლოდ იმას აჩვენებს რომ პრინციპულობას არ ჰქონია მნიშვნელობა, ზურა მელიქიშვილი უნდა იყოს გარეთ და ზურა ჭიაბერაშვილი შიგნით . რა მნიშვნელობა აქვს მანამდე რა ხდებოდა… ხოდა მანდ იკარგება სიტყვისა და პრინციპის ფასი, როდის მატყუებდი მაშინ თუ ახლა…” – წერს ნიკა მელია.