აისახება თუ არა ამერიკის დახმარებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული ეკონომიკურად დაინტერესებული ჯგუფების ქმედებები, არაფორმალური მმართველობა და რუსეთის სავარაუდო დახმარება სანქციების გვერდის ავლაში. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ შესაძლებელია საქართველო–რუსეთს აღდგენილი პირდაპირი ფრენები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის იქნას გამოყენებული. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია შეერთებულმა შტატებმა იცოდეს, რა იტვირთება იმ თვითმფრინავებში, რომლებიც საქართველოდან, უკან, რუსეთში ბრუნდებიან. სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ეს განცხადება სენატორ ჯინ შაჰინის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც, გასულ თვეს, საქართველოში მის ვიზიტს და ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების კუთხით არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა.
ჯიმ ობრაიენმა სენატში გამართულ მოსმენაზე საქართველოს მთავრობის უკან მდგომ ეკონომიკურად დაინტერესებულ ჯგუფზეც ისაუბრა და ქვეყანაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე მიანიშნა. მისი თქმით, ამ ჯგუფმა მალე უნდა გააცნობიეროს რომ რეფორმები საჭიროა, რადგან ეს პირდაპირ აისახება ამერიკის მხრიდან საქართველოს დახმარებაზე.