“TV პირველის” მთავარი პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ გუშინ, გვიან ღამით, მისი კუთვნილი მანქანიდან მოიპარეს გარე მეხსიერების მოწყობილობა, რომელსაც ყოველდღიურად იყენებდა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. მისი თქმით, შემთხვევა თბილისში, თავისუფლების მოედნიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მოხდა. მელაძე ეჭვობს ეს მისი დაშინების მცდელობაა, მანქანის ძარცვის იმიტაციით. ტელეწამყვანს ამ ეჭვს უმძაფრებს ის გარემოება, რომ ავტომობილიდან არ წაუღიათ სხვა არცერთი ღირებული ნივთი, რომლებიც ქურდისთვის საინტერესო შეიძლება ყოფილიყო.
იმის მიუხედავად, რომ “TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა უკვე მიმართა საგამოძიებო უწყებას, რეალური გამოძიების და დამნაშავის დასჯის იმედი არ აქვს, რადგან, მაგალითად, მიშა მშვილდაძეზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, მელაძის მიმართ გახმოვანებული მუქარის ავტორები ისევ დაუსჯელები არიან.