ვილნიუსში ნატო-ს ორდღიანი სამიტი დასრულდა. ვილნიუსის სამიტის მეორე დღეს ნატო უკრაინის სამიტი გაიხსნა, რომელიც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების, იარაღის მიწოდების და ნატო-ს წევრობის საკითხებს ეხება. საბჭო ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა. მოკავშირეები განმარტავენ, რომ ამ საბჭოს შექმნა უკრაინასთან თანამშრომლობის დონის მნიშვნელოვანი ზრდაა.
“უკრაინა უფრო ახლოს არის ნატო-სთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ველოდები დღეს, როცა ერთმანეთს შევხვდებით, როგორც ნატოელი პარტნიორები,” – განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი პირობების შესრულების შემდეგ გახდება. მისი თქმით, ნატო-ს ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინისთვის მაპი უნდა გაუქმდეს, რაც ორეტაპიანი გზის ერთ ეტაპამდე შემცირებას ნიშნავს.
სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტის შედეგები კარგია, თუმცა იდეალური იქნებოდა, თუ ამ სამიტზე უკრაინის ნატო-ში მიწვევა ოფიციალურად მოხდებოდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ნატო-ში მიწვევა უკრაინული საზოგადოებისთვის სერიოზული მამოტივირებელი ფაქტორი იქნებოდა და პარალელი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან გაავლო.
ზელენსკიმ ასევე დააზუსტა, რომ ამ მომენტისთვის უკრაინას დასავლელი პარტნიორებისგან უსაფრთხოების არა იურიდიული, არამედ მხოლოდ ფაქტიური გარანტიები აქვს. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ აფასებს მაპის ეტაპის გაუქმებას, მაგრამ ისურვებდა ამ სამიტზე უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ნატოში ინტეგრაციისთვის და არა მის ნაცვლად.
დიდი შვიდეულის ქვეყნებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს დეკლარაციას დიდი შვიდეულის ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
ამის შესახებ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის დასრულების შემდეგ პირადად უკრაინის პრეზიდენტმა და დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა გამოაცხადეს.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება გრძელვადიანი ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე.