ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დღეს NATO-ს ისტორიულად წოდებული სამიტი იხსნება. შეხვედრებს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. ვილნიუსში უკვე ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის ლიდერი ვოლოდიმერ ზელენსკიც. ლიეტუველ კოლეგასთან, გიტანას ნაუსედასთან პირისპის შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ თავის მოკავშირეებს ყოველთვის მხარს დაუჭერს და ამასთან დაკავშირებით თავისი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.
ალიანსის ლიდერები რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ, მათ შორის, განხილვის მთავარი თემა ნატოში გაწევრიანებაზე ოფიციალური კიევის განაცხადი იქნება. NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ორნაბიჯიანი პროცესი ერთნაბიჯიანი გახდება. სტოლტენბერგის განცხადებამდე კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ალიანსის მოკავშირეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ქვეყნის ალიანსში უკრაინის გაწევრიანების გზიდან MAP-ის ამოღების შესახებ.
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ნატოს საჯარო ფორუმზე განაცხადა, რომ 15 წლის განმავლობაში, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ალიანსის ლიდერები ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებენ, რომ ერთ დღეს, უკრაინა ნატოს შეუერთდება, მაგრამ ეს ნაბიჯი მათ არასდროს გადაუდგამთ, ამიტომ, ახლა ამ პარადიგმის შეცვლის დროა.
ვილნიუსის სამიტზე შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხსაც განიხილავენ. ერთ-ერთი, ვინც ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგებოდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იყო, თუმცა იენს სტოლტენბერგმა თურქეთისა და შვედეთის ლიდერებს შორის ვილნიუსში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ერდოღანი თანახმაა, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭიროს. თავის მხრივ, კი შვედეთი აქტიურად დაუჭერს მხარს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გააქტიურებას. სტოლტენბერგმა ეს გადაწყვეტილება “ისტორიულ ნაბიჯად” შეაფასა, მაგრამ თქვა ისიც, რომ შვედეთის გაწევრიანების ზუსტი თარიღის დასახელება შეუძლებელია, რადგან ეს თურქეთის პარლამენტზეა დამოკიდებული.
სტოლტენბერგმა საქართველოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე.