NATO-ს ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღე რჩება. ლიეტუვის დედაქალაქი ვილნიუსი ერთ-ერთი ყველაზე დაცული ქალაქია. NATO-ს ლიდერების შეკრებას ათასობით სამხედრო და თანამედროვე შეიარაღება იცავს. სამხედროები, საბრძოლო ავიაცია და თანამედროვე ტექნიკა ალიანსის 16-მა წევრმა გამოყო. 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტში საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას, რომელშიც ასევე მონაწილეობენ შვედეთის ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელები.
ვილნიუსის NATO-ს სამიტთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები კეთდება თბილისში. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია რომ NATO-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა.