მიშა მშვილდაძის თავდასხმის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გენერალური პროკურორის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებიდან ამოღებულია და ის გამოსაძიებლად მათ გადაეცათ.
“მიხეილ მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს.
საქართველოს გენერალური პროკურორის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე, ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებიდან და გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს,” – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ ორი დღის წინ მშვილდაძეზე მომხდარი თავდასხმის ახალი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა, რომლითაც ირკვევა, რომ ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა. მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს ნიკოლოზ გუგეშაშვილი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.