უკრაინაში საქართველოს ელჩს დრო ეწურება. ის თბილისში რამდენიმე საათში უნდა დაბრუნდეს. კიევის 48 საათიანი ულტიმატუმის ვადის ათვლა გუშინ უკრაინის საგარეო უწყებაში ქართველი დიპლომატის მისვლიდან დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის მიერ საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევას უსამართლო გადაწყვეტილებას უწოდებს მმართველი პარტია. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი სამართლებრივია და ელჩთან პოლიტიკური კონსულტაციების საგანი ვერ გახდება.
ოპოზიცია კი ზელენსკის განცხადებებს მხარს უჭერს და ვითარების ესკალაციაში “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხზე. ზელენსკის თქმით, „რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს“.