„ფორმულას“ დამფუძნებელი, მიშა მშვილაძე ამბობს, რომ მასზე მომხდარ თავდასხმაში სავარაუდოდ სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართული. დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე, მშვილდაძემ „ფორმულას“ მიერ გუშინ გასაჯაროებულ კადრებზე ისაუბრა, რომელიც მასზე თავდასხმისას 4 ადამიანის და 2 ავტომობილის სავარაუდო შეთანხმებულ მოქმედებას ასახავს. მიშა მშვილდაძე გამოძიებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დროულად ამოიღონ ყველა კამერის ჩანაწერი და მათ მიერ გამოკვეთილი საეჭვო პირები დაკითხონ.
გუშინ, გადაცემა „პოლიტმეტრში“ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ საზოგადოებას „ფორმულას“ მიერ მოპოვებული კადრები გააცნო, რომელიც მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის დროს არის გადაღებული. ჩანაწერებით რჩება შთაბეჭდილება, რომ თავდასხმამდე რამდენიმე ხნით ადრე ადამიანთა გარკეული ჯგუფი და 2 ავტომანქანა შეთანხმებულად მოქმედებს. ახალმა გარემოებებმა თავდაყირა დააყენა ვერსია, რომ მშვილდაძეზე თავდამსხმელი, ნიკოლოზ გუგეშაშვილი დანაშაულის დღეს დამოუკიდებლად მოქმედებდა.
მიშა მშვილდაძე მოუწოდებს ყველა ობიექტს და მოქალაქეს, რომ ვიდეოკადრების არსებობის შემთხვევაში, სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გადაუგზავნონ მედიას და პოლიციას. მისივე თქმით, არცერთი ობიექტის თანამშრომელს არ უნდა შეეშინდეს სიმართლის თქმის და თუ, ჩანაწერების დამალვის მოთხოვნით, მათზე ზეწოლა განხორციელდება, მათ აუცილებლად დაიცავს.
„ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. 28 ივნისს სავარაუდო თავდამსხმელმა ნიკოლოზ გუგეშაშვილმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე დაწერა, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა მან განახორციელა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მშვილდაძეს დაზარალებულის სტატუსი 29 ივნისს მიანიჭეს.